აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

შეერთებულმა შტატებმა სირიაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS-ის) ერთ-ერთი ლიდერის, დიია ზავბა მუსლიჰ ალ-ჰარდანის და მისი ორი ვაჟის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა.
„სირიის ქალაქ ალ-ბაბში ცენტრალური სარდლობის ძალებმა ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს.
დღეს დილით, ადრე სირიის ალეპოს პროვინციის ქალაქ ალ-ბაბში ცენტრალური სარდლობის ძალებმა ჩაატარეს რეიდი, რომლის შედეგადაც მოკლეს ISIS-ის უფროსი ლიდერი დიია ზავბა მუსლიჰ ალ-ჰარდანი და მისი ორი ზრდასრული ვაჟი, აბდალა დიია ალ-ჰარდანი და აბდ ალ-რაჰმან დიია ზავბა ალ-ჰარდანი.
ISIS-ის ეს წევრები საფრთხეს წარმოადგენდნენ აშშ-სა და კოალიციის ძალებისთვის, ასევე, სირიის ახალი მთავრობისთვის“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სამიზნეში ამოღებულ ტერიტორიაზე მყოფი სამი ქალი და სამი ბავშვი უვნებლად გადარჩნენ.
ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა მაიკლ ერიკ კურილამ განაცხადა, რომ გააგრძელებს „ISIS-ის ტერორისტების დაუნდობელ დევნას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“.
„ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ერთგულია ISIS-ის ტერორისტების მუდმივი დამარცხების, რომლებიც საფრთხეს უქმნიან რეგიონს, ჩვენს მოკავშირეებს და ჩვენს სამშობლოს“, - დასძინა მან.