Loading data...
აშშ-მა კოლუმბიის პრეზიდენტს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ კოლუმბიის პრეზიდენტს გუსტავო პეტროს სანქციები დაუწესა. სანქციები ასევე პოლიტიკოსის ოჯახის წევრებსა და ქვეყნის შს მინისტრს, არმანდო ბენედეტის დაუწესდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ამ პირებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ პეტრო ქვეყანაში ნარკოკარტელებს თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს და მათ საქმიანობას არ ეწინააღმდეგება. პეტროს შვილი ნარკოკარტელისგან თანხის მიღებაშია ბრალდებული., ეს ფული მან, სავარაუდოდ, მამის საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა.

გუსტავო პეტრო კოლუმბიის პრეზიდენტი 2022 წელს გახდა. მან მაშინვე განაცხადა, რომ ქვეყანა სერიოზულად დასუსტდა ნარკოკარტელებთან ომის გამო და აუცილებელია ამ დაჯგუფებებთან მოლაპარაკების წარმოება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პეტროს ეს მიდგომა გააკრიტიკა და მას ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის განახლებისკენ მოუწოდა.

„უკან არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამ და არ დავიჩოქებ“, - განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების კომენტირებისას. ადრე პეტრო აშშ-ის მოკავშირედ ითვლებოდა.

პეტრომ მოუწოდა მომხრეებს, რომ ტრამპის პოლიტიკის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე გამოვიდნენ. მისი ცნობით, ბოლო ორ თვეში აშშ-მა კოლუმბიური ნარკოკარტელების 10 გემი გაანადგურა და 43 ადამიანი მოკლა. პეტრომ ამ ქმედებებს „სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯას“ უწოდა და ამერიკელ სამხედროებს ასეთი რადიკალური ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.