აშშ-მა და უნგრეთმა ენერგეტიკისა და დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გააფორმეს
უნგრეთმა და აშშ-მა ენერგეტიკისა და დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ორი შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტებს ხელი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა მოაწერეს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.
პირველი დოკუმენტი ეხება ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობას „ტრამპის სამშვიდობო მილსადენების ჩარჩო“ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის მთავრობამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოაცხადა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ახალი ენერგეტიკული ობიექტების — კერძოდ, გაზსადენების — მშენებლობის გზით უზრუნველყოფილი იყოს ენერგომომარაგების ალტერნატიული მარშრუტები ბალკანეთის ნახევარკუნძულისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც აქამდე მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი რუსულ ენერგორესურსებზე.
„თანამშრომლობის შეთანხმება „ტრამპის სამშვიდობო მილსადენების ჩარჩო“ საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ბუნებრივი აირისა და ნავთობის ტრანსპორტირებისთვის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში“, - დაწერა ორბანმა.
მეორე შეთანხმება კი მიზნად ისახავს აშშ-ისა და უნგრეთის თანამშრომლობის გაძლიერებას სამართალდამცავ საქმიანობასა და რადიკალური ორგანიზაციების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გაცვლის სფეროში.