Loading data...
აშშ-მა და ევროპამ მოამზადეს გეგმა უკრაინის ომის შემდეგ მხარდასაჭერად - NYT-მა დეტალები გაამხილა

შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა მოამზადეს ორი დოკუმენტი, რომლებიც ასახავს უკრაინის მხარდაჭერის გეგმას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, - იუწყება The New York Times წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც მედია წერს, გეგმა გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, ქვეყანაში ევროპული ჯარების განლაგებას ახალი შეჭრის შესაჩერებლად და ამერიკული დაზვერვის უფრო აქტიურად გამოყენებას.

შეთანხმების კიდევ ერთი ნაწილი, რომელსაც გამოცემის თანამოსაუბრეები „სამხედროებს შორის ოპერატიულ დოკუმენტს“ უწოდებენ, უფრო დეტალურ ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, მასში ასახულია, თუ როგორ ითანამშრომლებენ აშშ-ის და ევროპის ჯარები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მიერ მეტი ტერიტორიის მიტაცების მცდელობები.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ არცერთი დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა. თუმცა, საკითხთან დაკავშირებული პირების ცნობით, დოკუმენტი შეიცავს კონკრეტულ დირექტივებს. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ არის ცნობილი, აღნიშნა, რომ მასში „ძალიან კონკრეტულად“ არის აღწერილი, თუ როგორ უნდა შეაჩერონ რუსეთის შემდგომი თავდასხმები და დაისაჯონ მოსკოვი, თუ ისინი მოხდება.

კერძოდ, მთავარი ამოცანაა მშვიდობიან პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის 800 000-მდე გაზრდა. ომის დროს უკრაინის არმიის რაოდენობა თითქმის 900 000-მდე გაიზარდა.

თუმცა, ასეთ ძალას უკრაინის მხრიდან „მდგრადი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა“ დასჭირდება. ევროპელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ დოკუმენტში ჩამოთვლილია უკრაინისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის შესახებ „ძალიან კონკრეტული“ დეტალები. თუმცა, მან არ დააკონკრეტა, თუ რა იყო ეს.

არ არსებობს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნები განათავსებენ თავიანთ ჯარებს უკრაინაში. გამოცემის ცნობით, ისინი, სავარაუდოდ, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში განლაგდებიან.

დიდი ხნის შემდეგ პირველად, ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ამერიკელ მომლაპარაკებლებთან და პრეზიდენტ ტრამპთან კარგი თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს.

„ჩვენ ვხედავთ რეალურ და კონკრეტულ პროგრესს. ეს პროგრესი შესაძლებელი გახდა უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების კოორდინირებული ქმედებების წყალობით“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.