აშშ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესახებ 6-პუნქტიან განცხადებას აქვეყნებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის დროებით შეწყვეტის პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიბანში 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შესაძლოა, გახანგრძლივდეს და ისრაელი იტოვებს უფლებას, „თავდაცვის მიზნით ყველა საჭირო ზომა მიიღოს“.
ექვსპუნქტიანი განცხადება, რომელზეც, სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც აღმოსავლეთის დროით 16 აპრილს, 17:00 საათზე ამოქმედდება.
მასში ცეცხლის შეწყვეტა აღწერილია, როგორც „ისრაელის მთავრობის კეთილგანწყობის ჟესტი, რომელიც მიზნად ისახავს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების დაწყებას ისრაელსა და ლიბანს შორის მუდმივი უსაფრთხოებისა და სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად“.
„ისრაელი ინარჩუნებს უფლებას, თავდაცვის მიზნით ნებისმიერ დროს მიიღოს ყველა საჭირო ზომა დაგეგმილი, გარდაუვალი, ან მიმდინარე თავდასხმების წინააღმდეგ. ამას ხელს არ შეუშლის საომარი მოქმედებების შეწყვეტა. გარდა ამისა, ისრაელი არ განახორციელებს რაიმე შეტევით სამხედრო ოპერაციებს ლიბანის ტერიტორიაზე ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან ლიბანის სამიზნეების წინააღმდეგ, მათ შორის სამოქალაქო, სამხედრო და სხვა სახელმწიფო სამიზნეების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი „შესაძლოა, გახანგრძლივდეს ლიბანსა და ისრაელს შორის ურთიერთშეთანხმებით, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება დაფიქსირებული და ლიბანი ეფექტურად აჩვენებს თავისი სუვერენიტეტის დაცვის უნარს“.
„2026 წლის 16 აპრილიდან, აღმოსავლეთის სტანდარტული დროით 17:00 საათიდან, საერთაშორისო მხარდაჭერით ლიბანის მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა ხელი შეუშალოს „ჰეზბოლას“ და ლიბანის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა სხვა არასახელმწიფო შეიარაღებულ დაჯგუფებას ისრაელის სამიზნეების წინააღმდეგ ნებისმიერი თავდასხმის, ოპერაციის, ან მტრული საქმიანობის განხორციელებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ყველა მხარე აღიარებს, რომ ლიბანის უსაფრთხოების ძალებს ექსკლუზიური პასუხისმგებლობა ეკისრება ლიბანის სუვერენიტეტსა და ეროვნულ თავდაცვაზე. არცერთ სხვა ქვეყანას, ან ჯგუფს არ აქვს პრეტენზია, იყოს ლიბანის სუვერენიტეტის გარანტორი“, - ნათქვამია ურთიერთგაგების მემორანდუმში.
„ისრაელი და ლიბანი ითხოვენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის შემდგომ პირდაპირ მოლაპარაკებებს, რათა მოგვარდეს ყველა დარჩენილი საკითხი, მათ შორის საერთაშორისო სახმელეთო საზღვრის დემარკაცია, ყოვლისმომცველი შეთანხმების დადების მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივ უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და მშვიდობას“, - ნათქვამია დასკვნით პუნქტში.
ისრაელმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ლიბანიდან თავის ჯარებს არ გაიყვანს.