აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი: ბოლო თვეებში ჰორმუზის გავლით 1 მილიარდი ბარელი ნედლი ნავთობის გატანას შევუწყვეთ ხელი
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი, ადმირალი ბრედ კუპერი აცხადებს, რომ ბოლო თვეებში ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ბლოკადის ფონზე, ამერიკულმა ძალებმა სპარსეთის ყურიდან ჰორმუზის სრუტის გავლით 1 მილიარდზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობის გატანას შეუწყვეს ხელი.
„ცენტრალური სარდლობის ძალებმა ყურიდან 1 მილიარდზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობის გატანას შეუწყვეს ხელი. ჩვენ ამ მნიშვნელოვან ეტაპს მივაღწიეთ მაშინ, როდესაც სრუტის გავლით 2 000-ზე მეტი კომერციული გემის ტრანზიტს შევუწყვეთ ხელი კოორდინირებული დაცვის უზრუნველყოფით. ცხადია, დინამიკა ძლიერდება“, - აცხადებს კუპერი ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, სრუტის ძირითადი სატრანზიტო მარშრუტები ირანის ძალების მიერ ჩადებული ნაღმებისგან გაწმენდილია და სრუტეში „ათასობით გემმა“ უკვე გაიარა.
„სპარსეთის ყურის ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან ჰორმუზის სრუტის გავლით 1 მილიარდზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობი გაიგზავნა, ხოლო ირანს ჩვენი მტკიცე ბლოკადის წყალობით ნავთობის ექსპორტიდან ნულოვანი ბარელი აქვს“, - დასძენს კუპერი.
მისი თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნედლი ნავთობის, ტვირთებისა და თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვების მოცულობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ნებისმიერ სხვა პერიოდში.
„ჩვენ, ასევე, ვთანამშრომლობთ რეგიონის ყველა პარტნიორთან, ვაძლიერებთ მათ საჰაერო თავდაცვას, ვქმნით თავდასხმის დრონების ახალ კოალიციურ დანაყოფს და უზრუნველყოფთ ჰორმუზის სრუტისა და მის მიმდებარე წყლების გახსნილობასა და უსაფრთხოებას“, - აცხადებს კუპერი.
Update from CENTCOM Commander: https://t.co/PTX6n9fn56
— U.S. Central Command (@CENTCOM) September 19, 2026