აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანი დასახლებული ადგილებიდან რაკეტებს ისვრის, მშვიდობიან მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოვუწოდებთ
აშშ-ის სამხედროები აცხადებენ, რომ ირანის რეჟიმი ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებს მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებიდან ისვრის და მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდებენ, სახლებში დარჩნენ, რათა თავიდან აიცილონ ზიანი.
„ირანის რეჟიმი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად იყენებს, მათ შორის მოიერიშე დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გასაშვებად. ეს სახიფათო გადაწყვეტილება ირანში ყველა მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებული ადგილები კარგავს დაცვის სტატუსს და საერთაშორისო სამართლის თანახმად, შესაძლოა, ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ იქცეს“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
„აშშ-ის სამხედროები ყველა შესაძლო ზომას იღებენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად, მაგრამ ვერ უზრუნველყოფენ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას ირანის რეჟიმის მიერ სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებულ ობიექტებში, ან მათ მახლობლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის „უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილებაში“ ნათქვამია, რომ ასეთი გაშვებები დეზფულის, ესფაჰანისა და შირაზის ქალაქებში ხორციელდება. ასევე ნათქვამია: „აშშ-ის ძალები ირანში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ“.
„ირანის რეჟიმი შეგნებულად უქმნის საფრთხეს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს. გარდა ამისა, ირანის ძალები საფრთხეს უქმნიან უდანაშაულო ადამიანების უსაფრთხოებას მთელ ახლო აღმოსავლეთში სამოქალაქო აეროპორტების, სასტუმროებისა და საცხოვრებელი უბნების განზრახ და განურჩევლად დაბომბვით“, - დასძენს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.
„ირანის ტერორისტული რეჟიმი აშკარად უგულებელყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს სპარსეთის ყურის პარტნიორებზე თავდასხმით და, ამავდროულად, საფრთხეს უქმნის საკუთარი ხალხის უსაფრთხოებას“, - აცხადებს ცენტრალური სარდლობის მეთაური, ადმირალი ბრედ კუპერი.
— U.S. Central Command (@CENTCOM) March 8, 2026