აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე გადადო

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნმა განაცხადა, რომ აშშ-ის სენატში რუსეთისა და მისი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღება გადაიდო. მის სიტყვებს Politico ციტირებს.
ტუნის თქმით, აშშ-ის სენატში რუსეთისა და მისი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრამდე გადაიდო.
„ვფიქრობ, მათ უნდა ნახონ, როგორ ჩაივლის პუტინთან ეს შეხვედრა რამდენიმე კვირაში“, - განაცხადა მან.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ის მჭიდრო კონტაქტშია რესპუბლიკელ ლინდსი გრეჰემთან, რომელიც თეთრ სახლთან სანქციებს კოორდინაციას უწევს.
„ვფიქრობ, [გრეჰემი] ამჟამად თეთრ სახლთან მუშაობს იმის დასადგენად, იქნება თუ არა ეს შეხვედრა, რომელიც რამდენიმე კვირაში უნდა გაიმართოს, პროდუქტიული“, - დასძინა ტუნმა.
გარდა ამისა, ანონიმურმა წყარომ ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტი, „ფაქტობრივად, გაყინულია“ ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე.