Loading data...
აშშ-ის სახმელეთო ძალების მინისტრი აბუ-დაბიში რუსეთის ოფიციალურ პირებს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ძალების სარდალი, დენიელ დრისკოლი აბუ-დაბიში რუსეთის ოფიციალურ პირებს ხვდება. ამის შესახებ ტელეკომპანია CBS News იუწყება.

„მდივანი დრისკოლი რუსეთის დელეგაციის წევრებს აბუ-დაბიში შეხვდა და მათთან რამდენიმე საათი გაატარა. კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება, რათა განხილული იყოს სამშვიდობო გეგმა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი სწრაფად მოხდეს“, - განუცხადა ტელეკომპანიას ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ამერიკული დელეგაციის შემადგენლობა აბუ-დაბიში არ დაკონკრეტებულა.

გაზეთი Financial Times ასევე იუწყება, რომ ვაშინგტონი აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს მართავს. ამ გამოცემის ცნობით, დრისკოლი უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსს, კირილ ბუდანოვს უნდა შეხვდეს.

გასულ კვირას დრისკოლმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ტრამპის სპეცწარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა და უკრაინელმა დიპლომატებმა ჟენევაში მოლაპარაკება გამართეს.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აბუ-დაბიში მიმდინარე შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომ „მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს“.