Loading data...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოს შესაძლო გადადგომის შესახებ ცნობებს უარყოფს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს შესაძლო გადადგომის შესახებ და მას „სრულიად უსაფუძვლო, ყალბ ნიუსს“ უწოდებს.

დეპარტამენტის პრესსპიკერის დილან ჯონსონის განცხადებით, ინფორმაცია გამოგონილ ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გასაკვირი არ არის ამ დეზინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტ ენდრიუ ფეინბერგის მიერ, რომელიც წარსულში რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებაში მუშაობდა.

„გასაკვირი არ არის, რომ ამ შეთხზულ სიცრუეს ენდრიუ ფაინბერგი ავრცელებს, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებაში მუშაობდა. მოუთმენლად ველოდებით მომდევნო კვირებში ამ „ანგარიშის“ გადამოწმებას, რათა The Independent-ის მორიგი სამარცხვინო მარცხი აღვნიშნოთ“, - წერს დილან ჯონსონი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, The Independent-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარკო რუბიო 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობის დატოვებას გეგმავს. გამოცემის ცნობით, რუბიოს სურს დისტანცირდეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკისა და ირანში მიმდინარე ომისგან, რათა შუალედური არჩევნების შემდეგ საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გაიმყაროს.