აშშ-ის რესპუბლიკელ კანონმდებლებს მონაწილეობის მიღება სურთ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის მოგვარების საკითხში - CNN

აშშ-ის რესპუბლიკელი კანონმდებლების თქმით, მათ სურვილი აქვთ, რომ მონაწილეობა მიიღონ დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებულ, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის განხილვის შესახებ მსჯელობაში. ინფორმაციას ამის შესახებ CNN გადმოსცემს.
ამერიკის სენატის უმრავლესობის ლიდერის ჯონ ტუნის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან კონფლიქტში ჩართვა მიზანშეწონილი არ არის და ამ ეტაპზე, პრეზიდენტი საკუთარი უფლებამოსილების მიხედვით მოქმედებს.
„მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ“, - უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას - უნდა ჰქონდეს თუ არა კონგრესს ხმის მიცემის უფლება, თუ აშშ კონფლიქტში მონაწილეობას გადაწყვეტს. მიუხედავად ამისა, სენატორმა კონგრესის სამომავლო ჩართულობა, კონფლიქტის მოგვარების საკითხში, არ გამორიცხა.
სენატორი ლინდსი გრეჰემის თქმით, ტრამპმა „საკმაოდ მალე“ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაეხმარება თუ არა ისრაელს. როგორც CNN რამდენიმე დღის წინ წერდა, გრეჰემმა პირადად, სატელეფონო საუბრისას მოუწოდა დონალდ ტრამპს, „ყველაფრით ემოქმედა“ ბირთვული პროგრამის დასასრულებლად. „თუ საჭირო გახდა, სამხედრო ძალის გამოყენებითაც“, - აღნიშნავდა სენატორი.
„მე ვუთხარი: „ბატონო პრეზიდენტო, ეს ისტორიული მომენტია. ოთხმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ თქვენი უფლებამოსილების შესრულების დროს, ბირთვულ იარაღს არ მიიღებენ. თქვენ შეგიძლიათ შეასრულებინოთ მათ ეს დაპირება“, - გრეჰემმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გაიხსენა.
სენატის საგარეო ურთიერთობების თავმჯდომარემ ჯიმ რაშმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს „ძალიან, ძალიან რთულ ვითარებაში უწევს ნემსში ძაფის გატარება“. მან, ასევე, დაჟინებით მოითხოვა, პრეზიდენტს კონსულტაციები გაევლო კონგრესის ექსპერტებთან და აღნიშნა, რომ მის რჩევას ტრამპმა ყური უგდო. „ის მუდმივად იღებს ინსტრუქტაჟს, რეგულარულად და ხშირად, ყოველდღე და მთელი დღის განმავლობაშიც კი“, - ამბობს ჯიმ რაში.
რაც შეეხება კიდევ ერთ სენატორს - ტომი ტუბერვილს, მისი განცხადებით, პრეზიდენტს აბსოლუტურად ენდობა, თუმცა სურვილი აქვს, რომ მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ განხილვაში, კონფლიქტთან დაკავშირებით. „ჩვენ უნდა შეგვეძლოს საკუთარი აზრის გამოთქმა ამ თემის შესახებ. მით უმეტეს, საქმე შესაძლო მესამე მსოფლიო ომს ეხება. თუ ამ საკითხზე დავფიქრდებით, რთული და საკამათო ვითარებაა“, - აღნიშნავს სენატორი.