აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პუტინი ირანს „ცოტათი“ ეხმარება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ირანს ეხმარებოდეს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ის შეიძლება, ცოტათი ეხმარება ირანს, კი, ალბათ. ის ალბათ ფიქრობს, რომ ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, არა?“, – განუცხადა ტრამპმა გადაცემა „ბრაიან კილმიდის შოუს“.
ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-ს არ სჭირდება უკრაინის დახმარება ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონების ჩამოსაგდებად.
„ჩვენ არ გვჭირდება დახმარება დრონების საწინააღმდეგო თავდაცვით საკითხებში. ჩვენ დრონების შესახებ ყველაზე მეტი ვიცით. სინამდვილეში, მსოფლიოში საუკეთესო დრონები გვაქვს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ინტერვიუში ტრამპმა ირანზე საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ არ არის ორიენტირებული ირანის გამდიდრებული ურანის მიღებაზე.
„ჩვენ ამაზე არ ვართ ორიენტირებულნი, მაგრამ გარკვეულ მომენტში შეიძლება, ვიყოთ. ამჟამად ჩვენ მათი რაკეტებისა და დრონების განადგურებაზე ვართ ორიენტირებულნი“, – განაცხადა ტრამპმა.