Loading data...
აშშ-ის კონგრესმა თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი მიიღო

აშშ-ის კონგრესმა 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო, რომელიც 901 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრა. სენატში ჩატარებული კენჭისყრის დროს კანონს 77-მა სენატორმა მხარი დაუჭირა, ხოლო 20-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

გასულ კვირას თავდაცვის ბიუჯეტი შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. კანონის ძალაში შესასვლელად მას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი უნდა მოაწეროს.

მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასის გაზრდა 3,8%-ით იგეგმება. დიდი ოდენობით თანხები ახალი სამხედრო ტექნიკის შეძენას მოხმარდება, რათა აშშ-მა კონკურენცია გაუწიოს ძირითად მეტოქეებს - ჩინეთსა და რუსეთს.

დონალდ ტრამპმა თავდაპირველად სამხედრო ხარჯებისთვის კონგრესს 892,6 მლრდ აშშ დოლარი სთხოვა. სენატის გეგმის მიხედვით, 925 მლრდ დოლარის გამოყოფა იყო დაგეგმილი. საბოლოოდ კონგრესმენები და სენატორები 901 მლრდ აშშ დოლარზე შეთანხმდნენ.

უკრაინის დასახმარებლად ბიუჯეტიდან 800 მლნ აშშ დოლარის დახარჯვა იგეგმება. ამ თანხებით შეერთებული შტატების მთავრობა ამერიკული კომპანიებისგან უკრაინისთვის შეიარაღებას შეიძენს.

175 მლნ დოლარი ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის თავდაცვას მოხმარდება. ასევე კანონი უკრძალავს შეერთებული შტატების აღმასრულებელ ხელისუფლებას ევროპაში ამერიკული ჯარის რაოდენობის შემცირებას 76 000 სამხედროზე დაბლა.

ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალს კი ნატოს უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობაზე უარის თქმა აეკრძალა.