Loading data...
აშშ-ის ხაზინის მდივანი: ირანისთვის ფულის გათეთრებაში ხელშემწყობი ორგანიზაციები ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაითიშებიან

„აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გათიშვით ემუქრება“, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო: ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ირანის სახელით ფულის გათეთრებას შეუწყობს ხელს, აშშ დოლარის სისტემიდან გაითიშება. დროის ათვლა უკვე დაიწყო“, - განაცხადა ბესენტმა სიტყვით გამოსვლისას.

„თუ ისინი ტრანზაქციების განხორციელებას უწყობენ ხელს და იმ ეკოსისტემის ნაწილია, რომელიც ირანულ ნავთობს ფულად რესურსად გარდაქმნის და რეპრესიებს აფინანსებს, ისინი სამიზნეები გახდებიან“, - აღნიშნა ბესენტმა სანქციებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.

პრესრელიზში აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა შედარებით რბილი ფორმულირება გამოიყენა და განაცხადა, რომ ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ფულის გათეთრებას ან სანქციების გვერდის ავლას უწყობს ხელს, „აშშ-ის ფინანსური სისტემიდან გათიშვის რისკის წინაშე დგება“.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ჩინურ ბანკებს ირანის დახმარებაში სავარაუდო როლის გამო მეორეული სანქციები დაეკისროთ, ბესენტმა განაცხადა, რომ საუკეთესო მიდგომა „მშვიდი დიპლომატიაა“. ამასთან, მისი თქმით, „აშშ-ის სანქციებისგან არავინ არის დაცული“.

„ჩვენ თითოეულ ქვეყანას ვაცნობთ ჩვენს მოლოდინებს. ჩვენ ვიცით, ვინ არიან ისინი და მათაც იციან, ვისზეა საუბარი. შესაბამისად, როდესაც აშშ-ის ხაზინის მიერ მიღებული ზომები მათ წინააღმდეგ ამოქმედდება, ამის გამო საკუთარი თავის გარდა ვერავის დაადანაშაულებენ“, - განაცხადა ბესენტმა.