Loading data...
აშშ-ის ელჩმა გაეროში ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებულ ახალ შეთანხმებას „ცინიკური მცდელობა“ უწოდა

გაეროში აშშ-ის ელჩმა მაიკ უოლცმა ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებულ უახლეს შეთავაზებას „საკმაოდ ცინიკური მცდელობა“ უწოდა და განაცხადა, რომ თეირანმა მაგიდაზე ისეთი წინადადება დადო, რაც მიუღებელი იყო.

NBC-ის გადაცემაში „Meet the Press“ საუბრისას უოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი სანქციების, მათ შორის „საერთაშორისო სანქციების, მოხსნას, საზღვაო ბლოკადის გაუქმებასა და მილიარდობით დოლარის აქტივებზე წვდომას ითხოვდა მხოლოდ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები დაეწყო, მაშინ როდესაც რამდენიმე თვის წინ მხარეებმა უკვე გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი“.

უოლცის თქმით, „საღი აზრია“, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის შეთავაზებების მიმართ ნდობა არ აქვს. თუმცა, დასძენს, რომ საბოლოოდ კონფლიქტი „რაღაც ტიპის შეთანხმებით“ დასრულდება.

მისივე თქმით, ირანს შეუძლია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და იმოქმედოს საერთაშორისო სამართლისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.

„ჯანდაბა, ჩვენმა მომლაპარაკებლებმა მათ ურანის მიყიდვაც კი შესთავაზეს“, - განაცხადა უოლცმა.