აშშ ევროპაში საბრძოლო ბრიგადების რაოდენობას სამამდე ამცირებს
ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში დისლოცირებული ოთხი საბრძოლო ბრიგადიდან ერთს გაიყვანს. ამის შესახებ პენტაგონი იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
საბრძოლო ბრიგადა არის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ძირითადი ქვედანაყოფი. მას დამოუკიდებლად საბრძოლო მოქმედებების წარმოება შეუძლია. ასეთ ქვედანაყოფში, როგორც წესი, 4000-5000 ადამიანი შედის. ბოლო წლებში აშშ-მა ევროპაში 100 ათასამდე სამხედრო განათავსა. მათგან მუდმივად საბრძოლო მზადყოფნაში 65 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი იმყოფება.
მანამდე გამოცემა Politico წერდა, რომ პოლონეთი მის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირებისთვის ემზადება, პენტაგონმა ვარშავას უკვე აცნობა, რომ პოლონეთში ჯავშანსატანკო ბრიგადის გადასროლა გადადო, რომლის რაოდენობა 4 000 სამხედროს შეადგენდა.
ევროპაში ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობის კომენტირებისას შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ „ევროპა საკუთარ ფეხზე უნდა დადგეს“.
წინა დღეს ევროპაში ნატის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ალექსუს გრინკევიჩმა განაცხადა, რომ რეგიონიდან ამერიკული ძალების გაყვანა არ იმოქმედებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გეგმებზე, რომელიც ევროპული თავდაცვის გაძლიერებას აპირებს.