Loading data...
აშშ და ირანი დღეს ჟენევაში მოლაპარაკებებს გამართავენ

აშშ-სა და ირანს შორის დღეს, 17 თებერვალს, ჟენევაში არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება, რომლის მიზანიც მხარეებს შორის არსებული ბირთვული დავის მოგვარებაა. თუმცა რეგიონში ვაშინგტონის საბრძოლო ძალების განლაგების ფონზე, კომპრომისის მიღწევის მკაფიო ნიშნები ნაკლებად ჩანს, წერს Reuters-ი. 

ამერიკული მხარიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი, ირანს კი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი წარმოადგენს. მოლაპარაკებები ომანის შუამავლობით გაიმართება. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის „ირიბად“ ჩაერთვება ჟენევის მოლაპარაკებებში და მიაჩნია, რომ თეირანს შეთანხმების მიღწევა სურს.

„არა მგონია, რომ მათ სურდეთ, შეთანხმების მიუღწევლობის შედეგები იხილონ. ჩვენ შეგვეძლო შეთანხმების დადება B-2-ების გაგზავნის ნაცვლად, რათა მათი ბირთვული პოტენციალი გაგვენადგურებინა. და ჩვენ B-2-ების გაგზავნა მოგვიწია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს 16 თებერვალს Air Force One-ის ბორტზე საუბრისას, რითაც მიანიშნა გასული წლის ივნისში აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვაზე.  

მას შემდეგ თეირანმა განაცხადა, რომ ურანის გამდიდრება შეაჩერა. თუმცა ვაშინგტონი და მისი ახლო მოკავშირე ისრაელი ფიქრობენ, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნა სურს, რამაც შეიძლება ისრაელის არსებობას საფრთხე შეუქმნას. თავად ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათისაა. 

როგორც Reuters-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, აშშ-ის სამხედრო ძალები ირანის წინააღმდეგ რამდენიმეკვირიანი ოპერაციებისთვის ემზადებიან, თუ ტრამპი თავდასხმის ბრძანებას გასცემს. 

თავის მხრივ, ირანმა 16 თებერვალს დაიწყო სამხედრო წვრთნები ჰორმუზის სრუტეში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო საზღვაო გზა და ნავთობის ექსპორტის მარშრუტია სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებიდან, რომლებიც მხარეებს დავის დასასრულებლად დიპლომატიისკენ მოუწოდებენ.