Loading data...
„აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებით მანიპულირებს“ - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აშშ მისი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებით მანიპულირებს. 

როგორც მან ქალაქ ჯებრაილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, შტატები აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებს მაშინ აწესებს და აჩერებს, როცა ეს თავად სჭირდება. 

ალიევს მაგალითად მოჰყავს ის, რომ შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ 1992 წელს შემოიღო, თუმცა ცხრა წლის შემდეგ შეაჩერა.

„რატომ? იმიტომ, რომ მათ დაიწყეს ავღანეთის ოკუპაცია და აზერბაიჯანი დასჭირდათ. ვიდრე ავღანეთში რჩებოდნენ, აშშ-ის პრეზიდენტი ყოველწლიურად აჩერებდა სანქციებს. როგორც კი ისინი მთელი მსოფლიოს თვალწინ იქიდან გაიქცნენ, ისევ დააწესეს სანქციები ჩვენს წინააღმდეგ“, - აცხადებს ალიევი.

ილჰამ ალიევის თქმით, მასთან ვაშინგტონი აცხადებს, რომ ბაქოსთან მეგობრობა სურთ.

„რა მეგობრობაზე შეიძლება იყოს საუბარი?“ - აღნიშნავს ალიევი.

ცნობისთვის, აშშ-მა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალი სანქციების განხილვა 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როცა ბაქომ მთიან ყარაბაღში ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც არაღიარებულმა რესპუბლიკამ 2024 წლის 1 იანვარს არსებობა შეწყვიტა. კერძოდ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თხოვნით აშშ-ის პრეზიდენტს წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსმა და კონგრესის 75-მა წევრმა მიმართეს.

2024 წლის აპრილში აშშ-ის წარმომადგენელმა პალატის წევრმა დინა ტიტუსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არცახში ბაქოს მოქმედებების და „პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიების გამო“ 44 აზერბაიჯანელი ჩინოვნიკის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მოამზადა.