Loading data...
აშშ აცხადებს, რომ „ჰამასი“ ღაზას მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას გეგმავს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

შეერთებულმა შტატებმა ღაზას სამშვიდობო შეთანხმების გარანტ ქვეყნებს აცნობა ცნობები იმის შესახებ, რომლებიც მიუთითებს ჰამასის“ მიერ ღაზას მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის გარდაუვალ დარღვევაზე.

„პალესტინელ მშვიდობიან მოქალაქეებზე დაგეგმილი თავდასხმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირდაპირ და სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს და ხელს შეუშლის მედიაციის ძალისხმევის შედეგად მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. „ჰამასმა“ უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-მა განაცხადა, რომ თუ „ჰამასი“ მართლაც განახორციელებს ამ თავდასხმას, „მიღებული იქნება ზომები“ ღაზას მოსახლეობის დასაცავად და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მთლიანობის შესანარჩუნებლად.