Loading data...
არარატ მირზოიანი: სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის შეტანის დრო ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა გაწევრიანება ჩვენი ოფიციალური პოლიტიკაა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. სომეხმა მინისტრმა ამის შესახებ DW-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს აქვს კანონი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, „ისწრაფოდეს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“.

„ზუსტად ვერ ვიტყვი, როდის წარვადგენთ განაცხადს: შეიძლება ეს შემდეგ თვეში მოხდეს, ან შეიძლება მომავალ წელს. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ეს ჩვენი ოფიციალური პოლიტიკაა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ევროკავშირთან მუშაობა, რაც ორმხრივ ურთიერთობებს მნიშვნელოვნად აღრმავებს.

„ჩვენ გვაქვს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება. ჩვენ უკვე დავიწყეთ სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესი. ვფიქრობ, ეს პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ასევე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ახალ დოკუმენტზე და დავასრულეთ მუშაობა პარტნიორობის ახალ პროგრამაზე“, - დასძინა მან.

კითხვაზე, თუ რამდენად მალე შეიძლება მოხდეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება, ბლოკთან ასეთი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „ძნელია პროგნოზირება. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ორი წელი. ერთიდან ორ წლამდე პერიოდი სრულიად რეალისტურია“.