„არანაირ დათმობაზე არ წავალთ“ - უნგრეთის მომავალმა პრემიერმა ზელენსკის მოუწოდა, „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი აღადგინოს
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ახალი მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით „არანაირ დათმობაზე“ არ წავა.
პრესკონფერენციის დროს პარტია „ტისას“ ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, მილსადენის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით „თავისი დაპირება შეასრულოს“. მისი თქმით, მილსადენის მუშაობა შესაძლოა, უახლოეს დღეებში აღდგეს.
თავის მიმართვაში მადიარმა ასევე გააფრთხილა ზელენსკი, რომ ნავთობსადენის განბლოკვასთან დაკავშირებით უნგრეთი არ „დააშანტაჟოს“.
„ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ და არ გირჩევდით - ვიმეორებ, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ - მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს ამ გზის არჩევას არ ვურჩევდი. ეს მიუღებელი იქნება არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპისთვისაც. ევროპელი ლიდერები ასევე არ შეეგუებიან იმ ფაქტს, რომ მას უკვე შეთანხმებული საკითხების გადახედვა და ევროპელი ლიდერების შანტაჟი სურს“, - განაცხადა მადიარმა.
მან უკრაინის პრეზიდენტის ქმედებები ვახშმის დროს მოთხოვნების წაყენებას შეადარა.
„ეს იგივეა, რომ ვინმე ვახშამზე მიიწვიონ, წავიდეს და შემდეგ შანტაჟი დაიწყოს: თუ ლეჩო [უნგრული ბოსტნეულის წვნიანი] არ არის, ან თუ საშუალო ცეცხლზე გამომცხვარი არ არის, მაშინ ამას და იმას გავაკეთებ. ჩემი აზრით, ეს არასწორი დამოკიდებულებაა და ასე მოქცევას არ გირჩევდით“, - დასძინა მადიარმა.