არაბული ქვეყნები „ჰამასს“ მოუწოდებენ, ღაზაში თავისი მმართველობა დაასრულოს - გერმანული მედია

ეგვიპტემ, კატარმა, საუდის არაბეთმა და იორდანიამ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ღაზას სექტორში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ მმართველობის დასრულებას მოითხოვს, - ამის შესახებ გერმანული სააგენტო DPA მის მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით იტყობინება, წერს Deutsche Welle.
დოკუმენტს ასევე ხელს აწერენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა, ბრაზილია, იტალია, ესპანეთი, ნორვეგია, ირლანდია და სხვა ქვეყნები. ჟურნალისტების ცნობით, გერმანია არ იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ამ მოწოდებას მხარი თავიდანვე დაუჭირეს.
შვიდგვერდიან დოკუმენტში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასასრულებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, ნათქვამია, რომ „ჰამასმა“ ანკლავში თავისი მმართველობა უნდა დაასრულოს და პალესტინის ხელისუფლებას იარაღი საერთაშორისო მხარდაჭერით გადასცეს. გარდა ამისა, დოკუმენტი გმობს პალესტინური დაჯგუფების მიერ ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.
სააგენტო განმარტავს, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ ნიუ-იორკში გამართულ კონფერენციაზე ხელმოწერილი დოკუმენტი გაერომ ოფიციალურად სექტემბრისთვის უნდა მიიღოს. მოსალოდნელია, რომ მანამდე მას კიდევ რამდენიმე სახელმწიფო დაუჭერს მხარს.
დოკუმენტი ასევე შეიცავს მოწოდებებს ისრაელის მხარის მიმართაც. კერძოდ, ხელმომწერები მოითხოვენ, რომ ებრაულმა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები ღაზას სექტორში და შეაჩეროს ებრაელი მოსახლეების საქმიანობა დასავლეთ სანაპიროზე. სხვა საკითხებთან ერთად, ჯგუფმა მხარი დაუჭირა გაეროს სტაბილიზაციის ძალების შექმნას რეგიონში.
დოკუმენტის ხელმომწერი ქვეყნების თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის აუცილებელი და განუყოფელი ნაწილია“.