არაბეთის გაერთიანებული საამიროები 1-ელი მაისიდან ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას ტოვებს
არაბეთის გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2026 წლის 1-ელი მაისიდან ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანებას, (Opec) ტოვებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
არაბეთის საამიროები ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის წევრი 1967 წელს გახდა. ორგანიზაციის ერთ-ერთი ფუნქცია მისი წევრი ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების კვოტების დადგენაა. ამის გამო საამიროებს და ორგანიზაციის ყველაზე გავლენიან ქვეყანას, საუდის არაბეთს შორის, კონფლიქტი არაერთხელ მოხდა. არაბეთის საამიროებმა ნავთობის მრეწველობის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფული ჩადო, მაგრამ ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის შეზღუდვები ნავთობის ბაზარზე მისი წილის ზრდას აფერხებდა.
„მსოფლიოს მეტი ენერგია სჭირდება, მსოფლიოს მეტი რესურსი ესაჭიროება. არაბეთის საამიროებს სურს, რომ შეზღუდვებისგან თავისუფალი იყოს, “- განაცხადა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკის მინისტრმა მოჰამედ ალ მაზრუიმ. ახლა აბუ-დაბის იმედი გაუჩნდა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის ოპერაციის დასრულების შემდეგ ის მეტი ნავთობის გაყიდვას შეძლებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საამიროების ხელისუფლების გადაწყვეტილება არის კარგად გათვლილი, რაც მიუთითებს, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებლად მოქმედებას აპირებს.
ამჟამად არაბეთის გაერთიანებული საამიროები დღე-ღამეში 3,2 - 3,6 მლნ ბარელ ნავთობს მოიპოვებს. ამ ქვეყანას მომავალი წლისთვის დღეში 5 მლნ ბარელი ნავთობის მოპოვება აქვს დაგეგმილი.
Opec-დან არაბეთის საამიროების გასვლის შემდეგ, საუდის არაბეთი ნავთობის მსოფლიო ფასების რეგულირებას ძველებურად ვეღარ შეძლებს. თუ ადრე ნავთობის ფასის კლების დროს საუდის არაბეთი მის მოპოვებას ამცირებდა და იგივეს ორგანიზაციის სხვა წევრებიც აკეთებდნენ, ახლა ერ-რიადი მოპოვების შემცირებას ასე მარტივად ვეღარ შეძლებს.
ფასების დასტაბილურებისთვის ახლა საუდის არაბეთს საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს.
Capital Economics-ის კლიმატისა და ნედლეულის მთავარ ექსპერტს, დევიდ ოქსლის მიაჩნია, რომ საამიროების გასვლა ნავთობის ექსპორტიორთა ორგანიზაციიდან შეიძლება მისი დასასრულის დასაწყისი იყოს.
„კავშირები, რომლებიც Opec-ის წევრებს აკავშირებდა, შესუსტდა“, - ამბობს ექსპერტი.
ეს ფაქტი ორგანიზაციის შიგნით დიდი ხნის განმავლობაში დაგროვებულ წინააღმდეგობას აჩვენებს. Opec-ში გადაწყვეტილებების მიღებისას დომინანტური როლი საუდის არაბეთს ეკუთვნის. საამიროები ორგანიზაციიდან იმ დროს გადის, როდესაც Opec-ის გავლენა ისედაც შემცირებულია. ადრე ის მსოფლიოში ნავთობის ექსპორტის ნახევარს აკონტროლებდა, ახლა კი დაახლოებით მესამედს აკონტროლებს.
Opec-დან გაერთიანებული საამიროების გასვლის გადაწყვეტილებას, რაც მასზე დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს, მსოფლიოში ნავთობის ფასებზე ამ ეტაპზე არ უმოქმედია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰორმუზის სრუტის პრობლემის მოგვარების შემდეგ საამიროები დღე-ღამეში ნავთობის მოპოვებას რამდენიმე ასეული ათასი ბარელით გაზრდის, რაც მის გარკვეულ გაიაფებას გამოიწვევს.
რაც მთავარია, არაბეთის საამიროების ამ გადაწყვეტილებას შეიძლება სხვა ქვეყნებიც მიჰყვნენ. „თუ არაბეთის საამიროები ექსპორტიორთა კავშირიდან გასვლის შემდეგ მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს, ბუნებრივია, ამას სხვებიც გააკეთებენ, რაც Opec-ის საბოლოო დაშლას გამოიწვევს.“, - ამბობენ ექსპერტები.