Loading data...
ანტონიო გუტერეში: გაერო „გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის“ საფრთხის წინაშე დგას

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია „გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის“ საფრთხის წინაშე დგას იმის გამო, რომ წევრი სახელმწიფოები გადასახადებს არ იხდიან, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაერო ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, რომელიც „ღრმავდება და საფრთხეს უქმნის პროგრამის შესრულებას“ და თანხები შესაძლოა, ივლისისთვის ამოიწუროს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა 193-ვე წევრი სახელმწიფოსადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად მათ, ან სავალდებულო გადასახადები უნდა გადაიხადონ, ან ორგანიზაციის ფინანსური წესები უნდა გადაიხედოს.

ეს მას შემდეგ  მოხდა, რაც გაეროს უმსხვილესმა გადამხდელმა, აშშ-მა უარი თქვა რეგულარულ და სამშვიდობო ბიუჯეტებში შენატანის განხორციელებაზე და რამდენიმე სააგენტოდან გასვლის შესახებ განაცხადა. რამდენიმე სხვა წევრს დავალიანება აქვს ან უბრალოდ უარს ამბობს გადახდაზე.

გუტერეშმა თავის წერილში აღნიშნა, რომ გაერო წარსულშიც კი განიცდიდა ფინანსურ კრიზისებს, თუმცა ამჟამინდელი სიტუაცია „კატეგორიულად განსხვავებულია“.