ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ გაერო „გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის“ წინაშე დგას და შესაძლოა, ივლისისთვის ბიუჯეტი ამოიწუროს
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია „გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის“ წინაშე დგას და შესაძლოა, ივლისისთვის ბიუჯეტი ამოიწუროს. ამ კრიტიკული სიტუაციის მთავარი მიზეზი შეერთებული შტატების მიერ სავალდებულო წევრობის საფასურის გადახდაზე უარის თქმაა.
გაეროს წევრი სახელმწიფოებისთვის 28 იანვრით დათარიღებულ წერილში გუტერეში აღნიშნავს, რომ თუ ტენდენცია გაგრძელდა, გაეროს რეგულარული ბიუჯეტი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ამოიწურება.
კრიზისის მთავარი ფაქტორი ვაშინგტონის პოზიციაა.
შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ტრადიციულად ორგანიზაციის ბიუჯეტის 22%-ს ფარავდა, დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ გადახდა შეწყვიტა.
გაეროს მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, შეერთებულ შტატებს ორგანიზაციისთვის წინა წლებიდან დაახლოებით 1.4 მილიარდი დოლარი აქვს გადასახდელი.
ინფორმაციისთვის, 7 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის გასვლას 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ამ ორგანიზაციების წევრობა აღარ ემსახურება აშშ-ის ინტერესებს.
66 ორგანიზაციიდან 31 გაეროს ეგიდით საქმიანობს.