ანდრიუს კუბილიუსი: გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ნატოს დასასრული იქნება
გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ნატოს დასასრული იქნება, - ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
როგორც კუბილიუსი აცხადებს, არ სჯერა, რომ აშშ გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების მიზნით სამხედრო ძალას გამოიყენებს.
„თუ ეს მოხდება, თუმცა ამის არ მჯერა, მაშინ ეს ყველა სახის ტრანსატლანტიკური კავშირისა და ნატოს დასასრული იქნება. სავარაუდოდ, ეს აშშ-ის ადმინისტრაციასაც კარგად ესმის“, - აღნიშნა კუბილიუსმა.
კუბილიუსის თქმით, თუ შეერთებულ შტატებს სურს გრენლანდიის ან რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება, მას შეუძლია გააფართოოს თავისი სამხედრო ბაზები ამ ტერიტორიაზე.
მისი თქმით, აშშ-ის მიერ გრენლანდიაზე სამხედრო ძალის გამოყენება ნატოსთვის უპრეცედენტო პარადოქსს წარმოქმნის.
„თუ აშშ გრენლანდიის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს, ამას გააკეთებს ისე, როგორც ნატოს წევრი? ნატოს მოუწევს, რომ თავისი ერთ-ერთი წევრი ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაიცვას, კერძოდ, დანია და მისი ტერიტორია“, - აღნიშნა ევროკომისარმა.