ანდრეი სინიუკმა თანამდებობა დატოვა - პროკურორის მოადგილე ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩისთვის მონაცემების გადაცემაშია ეჭვმიტანილი
უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის პროკურორის მოადგილემ ანდრეი სინიუკმა, რომელიც ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩისთვის მონაცემების გადაცემაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობა დატოვა.
პროკურატურის პრესმდივანმა ოლგა პოსტოლიუკმა აღნიშნა, რომ სინიუკმა 14 ნოემბერს ნებაყოფლობით დატოვა თანამდებობა.
არსებული ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო აგრძელებს წინასწარ გამოძიებას საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო გაჟონვასთან დაკავშირებით. ასევე, მიმდინარეობს შიდა გამოძიება, რომელიც სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა დაიწყო.
თავად ანდრეი სინიუკმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მან მიიღო, რათა თავიდან აეცილებინა ნებისმიერი სპეკულაცია, ოფიციალური გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგებზე გავლენის შესახებ.
ჟურნალისტმა მიხაილ ტკაჩმა აღნიშნა, რომ სინიუკი არაერთხელ შეხვდა იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებული იყვნენ ტიმურ მინდიჩთან. ცნობისთვის, მინდიჩი ენერგეტიკის სექტორში კორუფციის საქმის ეჭვმიტანილია.