Loading data...
ანდრეი სიბიგა: ევროკავშირისა და აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთისთვის მტკივნეული დარტყმაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები რუსეთისთვის მართლაც მტკივნეული დარტყმაა, თუმცა მოსკოვი ამას უარყოფს.

მისი თქმით, მიმდინარე კვირას მშვიდობისკენ იძულებისთვის რუსეთზე ზეწოლის ახალი ეტაპი აღინიშნა, ვინაიდან ევროკავშირმა ძლიერი სანქციების მე-19 პაკეტი შეათანხმა, რომელიც რუსეთის ენერგეტიკას, ჩრდილოვან ფლოტსა და სანქციების გვერდის ავლის გზებს ურტყამს. ასევე, პირველი სანქციები გამოიყენა ტრამპის ადმინისტრაციამაც, რომელმაც რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანიები - „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა.

„აღსანიშნავია, რომ რუსები ეგრევე გაიქცნენ იმის მოსაყოლად, რომ სანქციები არ ადარდებთ. პუტინი ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკაში ყველაფერი კარგადაა. მისი პროპაგანდისტები მანტრებს იმეორებენ იმის თაობაზე, რომ სანქციები არაფერზე არ მოქმედებს. რაც უფრო მეტია ასეთი ტრაბახი, მით უფრო ცხადია, რომ ყველაფერი დიამეტრალურად საპირისპიროდაა“, - აღნიშნა ანდრეი სიბიგამ.

მისი აზრით, ტრამპის მეორე ვადის დროს რუსეთის წინააღმდეგ პირველი სანქციები „მნიშვნელოვან სტრატეგიულ ხაზს ავლებენ“, და რუსეთის ხელმძღვანელობას სამომავლოდ დასავლეთის სისუსტისა და აშშ-ის მოტყუების შესაძლებლობის იმედები უნდა გაუქრეს.

„მთელი წლის განმავლობაში რუსეთი ნამდვილად იმედოვნებდა, რომ უკრაინა დაკარგავდა პარტნიორების მხარდაჭერას ან იძულებული გახდებოდა დათანხმებოდა რუსეთის პირობებს, რომლებიც კაპიტულაციასთან ახლოსაა. ეს ყველაფერი არ მომხდარა“, - განაცხადა სიბიგამ.