Loading data...
ამერიკულმა ჯარმა მთლიანად დატოვა ერაყი

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყი მთლიანად დატოვეს. ამის შესახებ ერაყის მთავრობა იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„ყველა საბრძოლო შენაერთმა და ძალებმა, რომლებიც ლოგისტიკურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ, ქვეყანა დატოვეს“, - განაცხადეს ერაყის მთავრობაში.

ერაყიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაყვანაზე ვაშინგტონი და ბაღდადი 2024 წელს შეთანხმდნენ. ბოლო წლებში ერაყში 2500 ამერიკელი სამხედრო იყო დისლოცირებული. ბოლოს ამერიკელი სამხედროები  იმყოფებოდნენ ერბილში - ქურთებით დასახლებულ რეგიონში, ასევე ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზაზე და ბაღდადის სამთავრობო კვარტალში.

აშშ და მოკავშირეები 2014 წლიდან ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციებს ახორციელებდნენ. ამერიკელებმა განაცხადეს, რომ სირიაში 2017 წელს და ერაყში 2019 წელს ტერორისტებმა სამხედრო მარცხი განიცადეს. „ისლამური სახელმწიფოს“ ცალკეული რგოლები კვლავ ტერაქტებს აწყობენ, მაგრამ სამხედრო ოპერაციების შედეგად მათ სირიისა და ერაყის დიდ ტერიტორიაზე კონტროლი დაკარგეს.