Loading data...
ამერიკელი სენატორი: პუტინი მატყუარაა, რომელიც დასცინის სამშვიდობო პროცესს

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი უკრაინის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა და ასევე, გააკრიტიკა კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი.

სენატორმა უიკერმა სენატში გამოსვლისას აღნიშნა, რომ პუტინი „სამშვიდობო პროცესს დასცინის“.

„მან (პუტინმა) ცოტა ხნის წინ კონფლიქტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელა და არაერთხელ აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით... ამის საპირისპიროდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა, უკრაინამ და ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა შეიმუშავეს საერთო პოზიცია მოლაპარაკებებისთვის, რომელიც რამდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება“, - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა.

სენატორმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, ევროპასა და უკრაინას, შეინარჩუნონ ერთიანობა და გაიხსენონ, „ვისთან გვაქვს საქმე ვლადიმერ პუტინის სახით“.

„პუტინი არ მოინანიებს. ის ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება „კგბ“-ს აგენტი. ის არის დიქტატორი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში სისხლის ღვრა აქვს ხელებზე. ის არის მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი ქურდი, ომის დამნაშავე, რომელიც ახლა ციხეში უნდა იყოს. რა თქმა უნდა, პუტინი მატყუარაა. როდესაც ვლადიმერ პუტინი იღიმის, ის ჩვენი მეგობარივით იქცევა და თავს იმართლებს, თითქოს ჩვენ მას მეგობრად მივიჩნევთ“, - ხაზგასმით აღნიშნა უიკერმა.

სენატორმა მოიყვანა გამოკითხვის მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ ამერიკელების 70% არ მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინასთან ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას დაიცავს.

„ტერორისტები პუტინის მეგობრები არიან. არ დაგავიწყდეთ ეს, თუმცა ზოგჯერ ეს ისე არ შუქდება, როგორც საჭიროა“, - დასძინა უიკერმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას.

„ჩვენ უკრაინის გვერდით უნდა დავდგეთ და გავაგრძელოთ ჩვენი მეგობრების დახმარება. ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი პუტინს“, - დასძინა მან.

სენატორმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, დაეხმაროს უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და შორი დისტანციის დარტყმის შესაძლებლობების გაძლიერებაში.

„ეს პუტინს დაანახებს, რომ მისი სამხედრო მიზნები მიუღწეველია“, - დასძინა ის.