Loading data...
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის მზადაა

ვაშინგტონი მზადაა, მოსკოვისა და კიევის მონაწილეობით მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი ჩაატაროს და ამ შესაძლებლობას ოპტიმისტურად უყურებს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განუცხადა.

ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შემდგომი კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრამდე სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვსა და კიევში გამართული შეხვედრების შედეგებს გააანალიზებს. მომდევნო კვირები მნიშვნელოვანი იქნება უფრო დეტალური სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. 

ოფიციალურმა პირმა ასევე მიუთითა გაეროს გენერალური ასამბლეის მოახლოებულ სხდომაზე, როგორც სამუშაოს გაგრძელების პოტენციურად სასარგებლო შესაძლებლობაზე. მან აღნიშნა, რომ ამან შეიძლება მხარეებს საშუალება მისცეს, „განაგრძონ იმ ადგილიდან, სადაც გასულ შაბათ-კვირას ჯარედი და სტივი შეჩერდნენ“.

შეგახსენებთ, 5-6 სექტემბერს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.