Loading data...
„ამ ნაბიჯით ჰააგის სასამართლომ აჩვენა, რომ სრულიად დაკარგა ავტორიტეტი და მისი გადაწყვეტილებები პოლიტიკური შურისძიებით არის მოტივირებული“ - სიარტო ნეთანიაჰუს უნგრეთში ვიზიტთან დაკავშირებით სასამართლოს კრიტიკას გამოეხმაურა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ „სრულიად დაკარგა ავტორიტეტი“ მას შემდეგ, რაც სასამართლომ ცოტა ხნის წინ უნგრეთი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრებაზე უარის თქმის გამო ვალდებულებების დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ სიარტომ Facebook-ზე დაწერა.

როგორც 25 ივლისს გახდა ცნობილი, ჰააგის სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განაცხადა, რომ უნგრეთმა დაარღვია სასამართლოს მოთხოვნები ნეთანიაჰუს დაპატიმრების შესახებ აპრილში ბუდაპეშტში მისი ვიზიტის დროს.

„ამ ნაბიჯით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნათლად აჩვენა, რომ მან სრულიად დაკარგა ავტორიტეტი და რომ მისი გადაწყვეტილებები ძირითადად წვრილმანი პოლიტიკური შურისძიებით არის მოტივირებული“, - აღნიშნა სიარტომ.

მან განაცხადა, რომ „პოლიტიკურ მიზნებსა და იდეოლოგიებს საერთაშორისო სასამართლო ორგანოებში ადგილი არ აქვს“.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ყველა ჩვენი შეშფოთება სასამართლოს მიუკერძოებლობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ეს წვრილმანი და სუსტი ნაბიჯი მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს: ჩვენი გადაწყვეტილება სასამართლოდან გასვლის შესახებ სწორი იყო“, - ხაზი გაუსვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, სიარტომ ჰააგის სასამართლო „თავისი თავდაპირველი მიზნიდან სრულად გადახვევასა და პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაქცევაში“ დაადანაშაულა.

„თუმცა, ჩვენი აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციები არ შეიძლება წარმოადგენდნენ პოლიტიკურ ინტერესებს; პირიქით, ამ ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი საერთაშორისო პლატფორმა დავაში ჩართულ მხარეებს შორის მოლაპარაკებებისთვის“, - დაასკვნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.