ალის ვაიდელი: უკრაინა რუსეთს ვერ მოუგებს, ეს შეუძლებელია - ბერლინმა უკრაინის დახმარება უნდა შეწყვიტოს, ეს ომი გერმანიის ინტერესებში არ შედის
„ბერლინმა უკრაინის დახმარება უნდა შეაჩეროს, ეს ომი გერმანიის ინტერესებში არ შედის“, - ამის შესახებ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თანათავმჯდომარის ალის ვაიდელმა განაცხადა.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების გაგრძელება გერმანიის ინტერესებს ეწინააღმდეგება და შეცდომად შეაფასა იმ კონფლიქტის დაფინანსება, რომელიც, მისი აზრით, „უკვე წაგებულია“.
„უკრაინა ძალიან პატარაა და რუსეთის დამარცხება არ შეუძლია - ეს უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ 100 მილიარდ ევროზე მეტის გაღებას ვგეგმავთ იმ ფონზე, როდესაც უზარმაზარი საგარეო ვალი გვაქვს და არცერთ სხვა ქვეყანას ამდენი არ დაუხარჯავს. ჩემთვის მთავარი საკუთარი ქვეყნის ინტერესებია - პირველ რიგში გერმანიაა, ეს ომი კი ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება“, - აცხადებს ვაიდელი.
AfD-ს ლიდერმა, ხაზი გაუსვა მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენისა და კიევისთვის სამხედრო თუ ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტის აუცილებლობას.
„ეს არ ნიშნავს უკრაინაზე თავდასხმის გამართლებას, რა თქმა უნდა, არა. საქმე ისაა, რომ არსებობს გარკვეული ისტორია რუსეთის საზღვრებთან ნატოს გაფართოების შესახებ. მოსკოვი ამ პრობლემაზე ღიად საუბრობდა. რატომ არავინ გაითვალისწინა რუსეთის წუხილები, როდესაც მის საზღვრებთან, კერძოდ რუმინეთში, სარაკეტო სისტემები განათავსეს?“, - დასძინა მან.
ვაიდელის შეფასებით, კონფლიქტის „ხელოვნურად გაჭიანურება“ და გერმანიის ხელისუფლების გაუაზრებელი ნაბიჯები სერიოზულ საფრთხეს უქმნის თავად გერმანიას.