ალიევი სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დახურვას მოითხოვს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის ატომური ელექტროსადგური, რომელიც რესპუბლიკაში დენის ერთადერთი წყაროა, დაძველდა და ის მთელი რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ news.am იუწყება.
„აზერბაიჯანმა და თურქეთმა სხვადასხვა საერთაშორისო მოედანზე ამასთან დაკავშირებით შეშფოთება არაერთხელ გამოხატეს. ატომური ელექტროსადგურის ექსპლოატაციის ვადის უსასრულოდ გაგრძელება არ შეიძლება და ის ადრე თუ გვიან უნდა დაიხუროს. ამ შემთხვევაში სომხეთს სერიოზული ენერგოკრიზისი ემუქრება და მას ენერგომომარაგების დამატებითი წყაროები დასჭირდება“, - განაცხადა ალიევმა.
ალიევმა განაცხადა, რომ TRIPP-ის პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანელმა სპეციალისტებმა სომხეთში შესაბამისი კვლევები უკვე ჩაატარეს და შეარჩიეს ადგილები, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დამონტაჟებაა შესაძლებელი.
მან იმედი გამოთქვა, რომ სომხური მხარე ამ საკითხის გადაჭრას არ გაწელავს, რადგანაც ელექტროენერგიის დამატებითი წყაროები თავად სომხეთს ესაჭიროება.