Loading data...
ალბანეთში სტუდენტების საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა - დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი

„ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტების საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრანტებმა განათლების სამინისტროს შენობას ქვები და ბეტონის ნატეხები ესროლეს“, - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სტუდენტების მოთხოვნები უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის, უნივერსიტეტებში არსებული პირობებისა და ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას უკავშირდება. სამართალდამცველებმა რამდენიმე მომიტინგე დააკავეს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ასევე გამოხატავდა უკმაყოფილებას ქვეყანაში არსებული სოციალური უთანასწორობისა და პოლიტიკური ვითარების გამო. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ლულჯეტა კოლამ, ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა და მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უთანასწორობა გააკრიტიკა.

„ალბანეთს რაც სჭირდება, არის რევოლუცია, ცვლილება, სისტემის სრული დამხობა, რადგან ასე გაგრძელება არ შეიძლება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ალბანეთის ვიცე-პრემიერმა ალბანა კოჩიუმ მომხდარი ძალადობა დაგმო. მისი განცხადებით, პოლიციასა და საჯარო დაწესებულებებზე თავდასხმა პროტესტის გამოხატვის მისაღები ფორმა არ არის.