ალბანეთში მომიტინგეებმა განათლების სამინისტროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში განათლების გაძვირებისა და კორუფციის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს სტუდენტებმა განათლების სამინისტროს შენობასა და ორ ბანკს ცეცხლი წაუკიდეს, პოლიციას კი ქვები დაუშინეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მომიტინგეებმა ნაგვის ურნები გადააყირავეს და ადგილობრივი კომერციული ობიექტების ვიტრინები ჩაამსხვრიეს. Reuters-ის ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა განათლების სამინისტროსთან მდებარე „რაიფაიზენ ბანკის“ ფილიალსაც.
სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
სტუდენტური აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტი უნივერსიტეტებში არსებულ პირობებს, უმაღლესი განათლების ხარჯებს, ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობასა და სწავლის დამთავრების შემდეგ დასაქმების პერსპექტივებს უკავშირდება.
მთავრობამ ძალადობა დაგმო.
„პროტესტის გამოხატვა კანონიერი უფლებაა, თუმცა ის ვერ გამოდგება ძალადობის, ქალაქის განადგურებისა, თუ შუა ქუჩაში ამაზრზენი დაპირისპირების საბაბად. მოვუწოდებ სტუდენტებსა და ყველა პატიოსან მოქალაქეს, რომელსაც სწამს პროტესტის უფლების: გაემიჯნეთ ძალადობასა და ვანდალიზმს!“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ალბანა კოციუმ Facebook-ზე.