ალბანეთი კოსოვოსთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა: როგორც მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპულ მომავალს, ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს კოსოვოს სუვერენიტეტს და მის კუთვნილ ადგილს ევროპულ ოჯახში
ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სერბეთში ვიზიტის დროს კოსოვოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, რამაც პრიშტინაში პროტესტი გამოიწვია.
ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიცვა კოსოვო ზელენსკის მიერ ბელგრადში სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, თუმცა თავი შეიკავა უკრაინის მკაცრი კრიტიკისგან და ხაზი გაუსვა ვიზიტის სტრატეგიულ და დადებით მნიშვნელობას მთელი რეგიონისთვის.
„დიალოგი ყოველთვის მისასალმებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის რთული საკითხების განსახილველად შესაძლებლობებს ქმნის... მაგრამ ისევე, როგორც ალბანეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპულ მომავალს, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს კოსოვოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და მის კუთვნილ ადგილს ევროპულ ოჯახში“, - ნათქვამია ტირანას განცხადებაში.
ალბანეთის საგარეო უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოსოვოსა და სხვა ნებისმიერ სიტუაციას შორის პირდაპირი პარალელების გავლება ამ საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე არასწორი მიდგომაა.
„საერთაშორისო სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება არ არღვევს საერთაშორისო სამართალს. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სრულიად განსხვავებული ამბავია. ეს წარმოადგენს გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევას“, - განაცხადა ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ტირანა მიიჩნევს, რომ დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობა და მშვიდობა მოითხოვს კოსოვოს დამოუკიდებლობის „რეალობისა და შეუქცევადობის აღიარებას“ და აღნიშნავს, რომ ამ დამოუკიდებლობამ უკვე შეუწყო ხელი რეგიონში სტაბილურობას და „წარმოადგენს მომავლის განუყოფელ ნაწილს, სადაც საზღვრები ძალის გამოყენებით არ იცვლება და სადაც ხალხებსა და თემებს შეუძლიათ, მშვიდობიანად განსაზღვრონ თავიანთი გზა“.
„სერბეთსაც და კოსოვოსაც აქვთ ადგილი საერთო ევროპულ მომავალში. მათი ურთიერთობების ნორმალიზება, რაც საბოლოოდ ურთიერთაღიარებას გამოიწვევს, სერბეთს არ დაასუსტებს; პირიქით, ეს ჩვენი რეგიონის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თავს დახურავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
„პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი სერბეთში, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე ხორციელდება. ეს გასაგები და ლეგიტიმურია. ყოველი ნაბიჯი, რომელიც სერბეთს რუსეთის მავნე გავლენისგან თავის დაღწევასა და ევროპისკენ სწრაფვაში ეხმარება, დადებითია. თუმცა ყოველი ჩართულობა ასევე იძლევა შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ ფუნდამენტურ გაგებას - რომ დასავლეთ ბალკანეთმა წინ უნდა იაროს და არა უკან“, - აღნიშნულია განცხადებაში.