ახალი რუსული რაკეტა „ფილინი“ სახიფათო უპირატესობებით გამოირჩევა - ავიაციის ექსპერტი ვალერი რომანენკო
„ახალი რუსული რაკეტა „ფილინი“ იმის დასტურია, რომ რუსეთი აფართოებს დაბალბიუჯეტური იარაღის არსენალს და ამავდროულად ზრდის მათ სიჩქარეს, რათა უკრაინას აიძულოს, მათ ჩამოსაგდებად ძვირადღირებული რესურსები დახარჯოს ,“ - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „უნიანს“ ავიაციის ექსპერტმა ვალერი რომანენკომ განუცხადა.
როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, რუსების მხრიდან ტენდენცია შეინიშნება - ისინი იაფი დამრტყმელი საშუალებების არსენალს აფართოებენ, რადგან უკრაინის თავდაცვის ძალები ჩვეულებრივი ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიანად მოქმედებენ.
მისი თქმით, მაგალითად, Х-101 ტიპის ფრთოსან რაკეტას 450 კილოგრამის წონის საბრძოლო ქობინი აქვს, ხოლო მისი ღირებულება მილიონ დოლარს აღემატება.
„ამიტომ, რუსები ერთი დიდი რაკეტის რამდენიმე იაფი, ე.წ. „შემცვლელი რაკეტით“ ჩანაცვლებას გეგმავენ“, - განაცხადა ავიაციის ექსპერტმა.
„ახალი რაკეტა უკრაინისთვის არასახარბიელო სიტუაციას ქმნის, რადგან რუსებმა უარი თქვეს სტანდარტულ ჩინურ ძრავებზე, რომელთა მახასიათებლებიც მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო, რაც ნათელს ჰფენს, თუ რას უნდა ველოდოთ ასეთი რაკეტებისგან“, - აცხადებს ექსპერტი.
ინფორმაციისთვის, „ფილინი“ არის რუსული წარმოების ახალი ფრთოსანი რაკეტა, რომლის გამოყენებაც რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 2026 წლის ზაფხულის მიწურულიდან დაიწყეს.
ამასთან, როგორც kyivindependent-ი წერს, რაკეტის სიგრძე 3.5 მეტრია. მას შეუძლია 50 ან 100 კილოგრამიანი ქობინების გადატანა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტომ 22 ოქტომბერს თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა ახალი რუსული ფრთოსანი რაკეტის - „ფილინის“ დეტალები და რაკეტის 3D მოდელი.
„ფილინის“ მაქსიმალური სიჩქარე საათში 800 კილომეტრია, ხოლო მოქმედების რადიუსი 1200 კილომეტრამდე.
„ფილინს“ შეუძლია როგორც ულტრა დაბალ სიმაღლეზე ფრენა, ასევე 6 კილომეტრამდე მიღწევა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, „ფილინი“ წარმოადგენს რუსეთის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების, „მოლნიას“ მიერ შემუშავებულ პროექტს.