Loading data...
აიათოლა ალი ხამენეი: ტრამპის ხელები 1 000-ზე მეტი ირანელის სისხლით არის შეღებილი, აშშ-ის პრეზიდენტს „დაამხობენ“

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყანაში საპროტესტო აქციების ფონზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპს მოუწოდა, აშშ-ში არსებულ პრობლემებზე ფოკუსირდეს.

აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, საპროტესტო აქციების მონაწილეები თეირანსა და სხვა ქალაქებში შენობებს ანადგურებენ, რადგან მათ სურთ თავი მოაწონონ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.

„უნდათ, მას ასიამოვნონ. მან რომ ქვეყნის მართვა იცოდეს, საკუთარ ქვეყანას მართავდა“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ და დასძინა, რომ შეერთებულ შტატებში ბევრი პრობლემაა.

მისი თქმით, ისლამური რესპუბლიკა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე უკან არ დაიხევს.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისლამური რესპუბლიკა ხელისუფლებაში ასობით ათასი პატიოსანი ადამიანის სისხლით მოვიდა და ის დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ირანის სულიერმა ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტს ამპარტავანი უწოდა და აღნიშნა, რომ ტრამპს „ხელები ირანელთა სისხლში აქვს გასვრილი“.

„აშშ-ის პრეზიდენტის ხელები 1000-ზე მეტი ირანელის სისხლით არის შეღებილი“, - აღნიშნა ხამენეიმ.

ხამენეის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს „დაამხობენ“.

„ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“, - დასძინა ირანის სულიერმა ლიდერმა