აიათოლა ალი ხამენეი: 12-დღიანმა ომმა ისლამური რესპუბლიკის სიმტკიცე აჩვენა

ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, 12-დღიანმა ომმა ირანელი ერის სიძლიერე აჩვენა და მსოფლიოს ისლამური რესპუბლიკის სიმტკიცე დაანახა. აღნიშნული განცხადება ირანის სულიერმა ლიდერმა თეირანში, იმამ ხომეინის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გააკეთა.
მისივე თქმით, ომი ისლამურ რესპუბლიკას საკუთარი ნებისყოფისა და შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალებას აძლევდა.
აიათოლა ალი ხამენეის თქმით, დასავლეთის მოთხოვნები თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ისლამურ რესპუბლიკასთან დაპირისპირების საბაბია.
„მტრების რეალური შეშფოთების მიზეზი ისლამური რესპუბლიკის მზარდი ძალაა. რეალური ამბავი სულ სხვაა და ირანელი ერი, ღვთის ნებით, არ მიატოვებს თავის რელიგიასა და ცოდნას. ისლამურმა რესპუბლიკამ და ირანის ერმა მსოფლიოს აჩვენეს თავიანთი ძალა, მონდომება, ნებისყოფა, გამძლეობა და საზრიანობა“, - აცხადებს ირანის სულიერი ლიდერი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.
დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
21 ივლისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თეირანი ურანის გამდიდრებაზე უარს არ იტყვის, აშშ-ის მიერ მის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების მიუხედავად.