Loading data...
აბუ-დაბიში უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დასრულდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის ორდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის პრესმდივანმა დიანა დავიტიანმა განაცხადა.

„მოლაპარაკებები დასრულდა. კომუნიკაცია მოგვიანებით იქნება“, - განმარტა მან.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა აღნიშნა, რომ კონსულტაციები „მართლაც კონსტრუქციული“ იყო, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკებებს „რთული“ უწოდა. „უკრაინა იყო და დარჩება მაქსიმალურად კონსტრუქციული“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა კიევში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ უფრო სწრაფი შედეგები გვინდა“, - დასძინა ზელენსკიმ.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იტყობინება, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გამართული მოლაპარაკებები ეკონომიკურ საკითხებს, ტერიტორიულ სტატუსსა და ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმებს შეეხო. სააგენტოს ცნობით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში პროგრესია. 

რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ მხარეები 314 პატიმრის გაცვლაზე შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, აბუ-დაბიში 4-5 თებერვალს გამართულ მოლაპარაკებებში რუსულ დელეგაციას გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი, გენერალი იგორ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობდა. უკრაინულ დელეგაციას სათავეში თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი ედგა. აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯარედ კუშნერი და აშშ-ის არმიის მინისტრი დენიელ დრისკოლი.