Loading data...
abcnews: ევროპაში დამანგრეველმა ტყის ხანძრებმა ახალი სასიკვდილო საფრთხე გამოავლინა - პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროინდელი მიწაში ჩამარხული ბომბები

ამ ზაფხულს ევროპის მასშტაბით გავრცელებულმა ტყის ხანძრებმა გამოავლინა პოტენციურად სასიკვდილო საფრთხე, რომელიც დამწვარი მიწის ქვეშ იმალება: პირველი და მეორე მსოფლიო ომებიდან შემორჩენილი ჟანგიანი ბომბები და ნაღმები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ხანძრის ჩაქრობის პროცესში მყოფ ეკიპაჟებს. წერს abcnews.

ზოგიერთი იარაღი ძლიერი სიცხის შედეგად აფეთქდა. აფეთქებები დაფიქსირდა საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში, სადაც ბომბების განეიტრალების ჯგუფი გაგზავნეს ხანძრის საფრთხის ქვეშ მყოფი ტყის შესამოწმებლად. ეს ტერიტორია ლიმბურგის პროვინციაში მდებარეობს, სადაც 1944 წელს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ბორდოსთან ახლოს გაჩენილი ხანძრის შედეგად, საბრძოლო მასალის საწყობი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელია.

აღმოსავლეთ ბელგიაში, ლიეჟის პროვინციაში, ადგილობრივმა გუბერნატორმა ერვე ჟამარმა განაცხადა, რომ საგანგებო სამსახურებს ხანძრის ზონაში დამარხული საბრძოლო მასალის საფრთხის ფონზე უწევთ მუშაობა და ბოლო დროს რამდენიმე აფეთქების ხმაც გაისმა.

„აუფეთქებელი საბრძოლო მასალა ტყის ხანძრების დროს კიდევ უფრო საშიშია, რადგან სიცხემ, შესაძლოა, ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოქმედება გამოიწვიოს“, - განაცხადა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის წარმომადგენელმა იონას ტეპემ, რომელიც გერმანიის საზღვრის მიღმა, ბელგიის მეზობელ რეგიონში მდებარეობს.

ბელგიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონიდან თითქმის ყოველ კვირა იღებენ დახმარების მოთხოვნას ასაფეთქებელი მოწყობილობების გასაუვნებელყოფად. თუმცა, უწყება ამ ტერიტორიას ბელგიის სხვა ნაწილებთან შედარებით „ცხელ წერტილად“ არ მიიჩნევს. 

ბელგიის მასშტაბით, ყოველწლიურად ასაფეთქებელი მოწყობილობების განადგურებისა და გაუვნებელყოფის სამსახური 3 000-ზე მეტ გამოძახებაზე რეაგირებს და ორივე მსოფლიო ომის შემდეგ დარჩენილ 200-დან 250 ტონამდე საბრძოლო მასალას ანადგურებს.

გვალვამაც ხელი შეუწყო წარსულის გამოჩენას, მდინარეებისა და ტბების დაშრობის შედეგად ძველი იარაღები ზედაპირზე გამოჩნდა.