აბას არაღჩი: ვიმედოვნებ, ამერიკა შეცდომას არ დაუშვებს და დიპლომატია საბოლოოდ, გაიმარჯვებს
„ირანი მზად არის როგორც ომისთვის, ისე მოლაპარაკებებისთვის“, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა.
არაღჩიმ დაადასტურა, რომ ირანი ცეცხლის შეწყვეტის მდგომარეობაშია, რომელიც, მისი თქმით, არასტაბილურია.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით აგრესიულ თავდასხმებს, ვეწინააღმდეგებით სანქციებს. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ნდობაა. არანაირად არ შეგვიძლია, ვენდოთ ამერიკელებს. ამერიკული მხრიდან მიღებული შეტყობინებები წინააღმდეგობრივია – ყოველი დღე განსხვავდება წინა დღისგან. დღევანდელი „ტვიტი“ განსხვავდება გუშინდელისგან. ზოგჯერ ერთ დღეში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავ შეტყობინებას აგზავნიან“, - განაცხადა აბას არაღჩიმ.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ომის წამქეზებელი ელემენტები ცდილობენ დიპლომატიის ჩაშლას და აშშ-ის ახალ ომში ჩათრევას.
„ვიმედოვნებ, ამერიკა შეცდომას არ დაუშვებს და დიპლომატია საბოლოოდ გაიმარჯვებს“, - აღნიშნა აბას არაღჩიმ.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ირანის პოზიცია გამოხატა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ირანს არასდროს უცდია და არც სურს ბირთვული იარაღის მოპოვება.
„ეს ჩვენი პოლიტიკაა. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა და ყოველთვის მზად ვართ, უზრუნველვყოთ გარანტიები, რომ ის მშვიდობიანი დარჩება“, - განაცხადა აბას არაღჩიმ.
ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე მეგობრებისთვის ღიაა, მტრებისთვის კი - შეზღუდული.