აბას არაღჩი: სპარსეთის ყურეში ამერიკული ავიამზიდების განთავსება თეირანს არ აშინებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში ამერიკული ავიამზიდების განთავსება თეირანს არ აშინებს.
მისი თქმით, ირანმა თავისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამისთვის დიდი საფასური გადაიხადა და არავის აქვს უფლება, თეირანს უბრძანოს, როგორ მოიქცეს.
როგორც მან აღნიშნა, თეირანს ვაშინგტონის მიმართ მცირე ნდობა აქვს და ეჭვიც კი ეპარება, რომ აშშ-ის მხარე განახლებულ მოლაპარაკებებს სერიოზულად აღიქვამს.
„ირანმა თავისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამისა და ურანის გამდიდრებისთვის ძალიან დიდი საფასური გადაიხადა. რატომ ვამბობთ უარს ურანის გამდიდრების დათმობაზე მაშინაც კი, თუნდაც თავს ომი მოგვახვიონ? იმიტომ, რომ არავის აქვს უფლება გვიბრძანოს, როგორ მოვიქცეთ. მათ მიერ რეგიონში სამხედროების განლაგება არ გვაშინებს“, - აღნიშნა აბას არაღჩიმ.