Loading data...
აბას არაღჩი: ირანი სრულად მზად არის ომის განახლებისთვის, თუმცა დიპლომატიური გზები ჯერ არ ამოწურულა

„ირანი აშშ-თან საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის მზად არის, თუმცა დიპლომატიის შესაძლებლობას ჯერ კიდევ არ გამორიცხავს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ ირანის შეთავაზების საჯაროდ უარყოფის მიუხედავად, დიპლომატიური გზით შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.

„ჩვენ სრულად მზად ვართ იმ მომენტისთვის, როდესაც ომი განახლდება. ვიმეორებ, ჩვენ მტკიცედ დავდგებით ნებისმიერი ახალი აგრესიის წინაშე, თუნდაც ეს არმაგედონის მასშტაბის ომამდე მივიდეს. ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის. არჩევანი პრეზიდენტ ტრამპზეა“, - განუცხადა არაღჩიმ NBC News-ის ჟურნალისტს.

გასულ კვირას ირანმა აშშ-ს შეთანხმება შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც თეირანი ჰორმუზის სრუტეს შვიდი დღის განმავლობაში გახსნიდა და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან ნავთობმარშრუტზე ნაოსნობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებოდა. შეთავაზება აშშ-ს კატარის შუამავლობით გადაეცა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრების პარალელურად.

ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ ეს შეთავაზება უარყო. „მე მათი შეთანხმება უარვყავი. მათ სურთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სრუტეს დაუყოვნებლივ გახსნიან, რადგან ძალიან ცუდად მიდის მათი საქმე“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

არაღჩიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის საჯარო განცხადების მიუხედავად, ირანს შეთავაზების უარყოფის შესახებ შუამავლების მეშვეობით ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია.

მისივე თქმით, ირანი კვლავ მზად არის, კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტე გახსნას. სანაცვლოდ, თეირანი ითხოვს, რომ აშშ-მა გაყინული აქტივები დაუბრუნოს და ირანს ნავთობის გაყიდვის საშუალება მისცეს.