Loading data...
აბას არაღჩი: ჩვენი ხალხისა და ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ნებისმიერ საფრთხეს დაუყოვნებლივი და ძლიერი რეაგირება მოჰყვება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ავალდებულებს, „გააჩუმოს“ ისრაელი და მას ირანის წინააღმდეგ სამხედრო მუქარის განხორციელებაში ხელი შეუშალოს.

„ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობები აბსოლუტურად ნათელი და ყველასთვის საჯაროა. აშშ-ის პრეზიდენტი ვალდებულია, გააჩუმოს თავისი შინაური ცხოველები თელ-ავივში. თუ ისინი თავიანთ პატრონს უგულებელყოფენ, ირანი მათ ჭკუას ასწავლის. ჩვენი ხალხისა და ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ნებისმიერ საფრთხეს დაუყოვნებლივი და ძლიერი რეაგირება მოჰყვება“, - დაწერა არაღჩიმ X-ზე.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა 29 ივნისს ისრაელის სამხედრო რეპორტიორებთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირანის ამჟამინდელი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი „სიკვდილისთვისაა განწირული“ და მიუხედავად იმისა, რომ თეირანი ცდილობს „დათმობების მიღებას“ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში, ისრაელი „არ დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავებას. თუ შეთანხმებით ეს მიიღწევა, მით უკეთესი“.