2025 წელი ამინდზე დაკვირვების ისტორიაში სამ ყველაზე ცხელ წელს შორის იყო
კლიმატის ცვლილების მონიტორინგის ევროპული სამსახურის, (C3S) ცნობით, 2025 წელი სამ ყველაზე ცხელ წელს შორის იყო ამინდზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„2025 წელი ოდნავ უფრო გრილი იყო, ვიდრე 2023 წელი. 2024 წელი კი ამინდზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ცხელი წელი იყო“, - იუწყება კლიმატზე დაკვირვების სამსახური.
2023-2025 წლებში საშუალო ტემპერატურა წინაინდუსტრიულ პერიოდზე 1,5 გრადუსით მაღალი იყო.
„ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც სამწლიან პერიოდში ტემპერატურა ამ ნიშნულზე მაღალია“, - განაცხადა C3S-ის წარმომადგენელმა სამანტა ბერჯესმა.
მისი თქმით, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება, 2015 წელს პარიზში ხელმოწერილი შეთანხმებით განსაზღვრული საშუალო დათბობა 1,5 გრადუსით მიმდინარე ათწლეულის ბოლოს იქნება მიღწეული. ანუ ეს 10 წლით ადრე მოხდება, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ.
ექსპერტები ამბობენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დედამიწის გაცხელების ტენდენცია შენარჩუნებულია. ეს პროცესი სათბური გაზების ამოფრქვევის მკვეთრი შემცირების შემთხვევაშიც გაგრძელდება, რადგანაც CO2 და სხვა გაზები ატმოსფეროში დიდი ხნის განმავლობაში რჩება. მეცნიერები აცხადებენ, რომ პარიზის შეთანხმებით განსაზღვრულ მაქსიმალურ საშუალო ტემპერატურას დედამიწა ყველა ვარიანტში მიაღწევს. ახლა ყველამ უნდა იფიქროს, თუ როგორ იმოქმედებს კაცობრიობა ამ დათბობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად.