200 ათასამდე უკრაინელი, შესაძლოა, აშშ-დან დეპორტირებული იყოს - Reuters
ასიათასობით უკრაინელი აშშ-ში ლეგალური სტატუსის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამის მიზეზი შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სპეციალური საიმიგრაციო პოლიტიკის, Uniting for Ukraine გაგრძელებასთან დაკავშირებული გაურკვეველი პოზიცია სახელდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.
მომავალი წლის მარტისთვის მიგრაციული რეჟიმი შეიძლება 200 ათასმა უკრაინელმა დაარღვიოს და მათ სამსახურის დაკარგვის, დაკავების ან დეპორტაციის საფრთხე ემუქრებათ.
ჰუმანიტარული პროგრამა უკრაინელებისთვის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 2022 წლის აპრილში აამოქმედა. ამ პროგრამის ფარგლებში 260 000 უკრაინელი აშშ-ში ჩავიდა. გაეროს მონაცემებით, საერთო ჯამში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 5,9 მლნ უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება, რომელთაგან 5,3 მლნ ევროპაში ცხოვრობს.
მიმდინარე წლის იანვარში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული პროგრამა შეაჩერა და ამის მიზეზად უსაფრთხოების საკითხები დაასახელა. ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაძაბული მოლაპარაკების შემდეგ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ უკრაინელებს ლეგალურ სტატუსს საერთოდ წაართმევს.
საბოლოო ჯამში ტრამპმა პროგრამა არ გააუქმა და ფედერალურმა მოსამართლემ, განაცხადების დამუშავების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ, ამის შემდეგ, აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურებმა მხოლოდ 1900 განაცხადი დაამუშავეს, რაშიც არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც შედიან.