Loading data...
„2-5 წელიწადში პუტინი ნატოზე თავდასხმისთვის მზად იქნება“ - The Economist

2-5 წელიწადში პუტინი ნატოზე თავდასხმისთვის მზად იქნება, - ამის შესახებ ჟურნალ „ეკონომისტის“ სტატიაშია ნათქვამი.

ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ რუსეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება დასავლეთს. ამან მთელი ევროპა უნდა შეაშფოთოს. თუმცა, ბევრი ევროპელი მშვიდად არის რუსეთის მიერ წარმოქმნილი საფრთხის მიმართ და არ ესმის, როგორ შეაკავოს იგი.

„პუტინი ნამდვილად აგრესორია, რომლის შეკავებაც აუცილებელია. უკრაინაში მიღწეული შესაძლო ცუდი მშვიდობა შეიძლება მისი შემდეგი ომის პლაცდარმად იქცეს... პუტინმა მთელი რუსული საზოგადოება სამხედრო რელსებზე დააყენა. პუტინი, ასევე, ომს იყენებს, როგორც საბაბს სულ უფრო მკაცრი რეპრესიებისა და დასავლეთისგან იზოლაციისთვის“, - წერს გამოცემა.

გამოცემა, ასევე, აღნიშნავს, რომ მტკიცება, რომ რუსეთის ძალები ამოწურული ან ქმედუუნაროა, არასწორია.

არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთისგან თავდაცვა უკრაინიდან იწყება, რაც უფრო ნაკლებ წარმატებას მიაღწევს იქ, მით უფრო ნაკლებია მისი ნატოზე თავდასხმის ალბათობა.

„ეს ნიშნავს უკრაინის იარაღით მომარაგებას. უკრაინას შეუძლია წელიწადში 35 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის წარმოება, მაგრამ შეკვეთები ამ თანხის ნახევარზე ნაკლები აქვს. ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინის დაფინანსება ამერიკის ინტერესებშია, თუნდაც იმიტომ, რომ ჩინეთი რუსეთის პროგრესს აკვირდება“, - ნათქვამია სტატიაში.

თუმცა, გამოცემა დასძენს, რომ ესეც არ არის საკმარისი, ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს: უფრო მეტად უნდა იმუშაოს თავის თავდაცვაზე.