12 დაღუპული, 60-ზე მეტი დაშავებული - ზელენსკი დნეპროპეტროვსკის ოლქში, 239-ე პოლიგონზე რუსეთის სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დნეპროპეტროვსკის ოლქში, 239-ე კომბინირებული შეიარაღების პოლიგონზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას გამოეხმაურა.
„დღეს რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, საწვრთნელ ბანაკზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სამწუხაროდ, არის დანაკარგები. ჩვენი ჯარისკაცები დაიღუპნენ. ვუსამძიმრებ ყველა ოჯახს და მეგობრებს. ეს არ არის პირველი ასეთი დარტყმა, როდესაც უკრაინა ადამიანებს კარგავს“, - განაცხადა მან საღამოს მიმართვაში.
ზელენსკიმ შეხვედრა გამოაცხადა, რომელსაც დაესწრებიან სახმელეთო ჯარების მეთაური მიხაილო დრაპატი, გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. შეხვედრა სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ გაიმართება.
„ჩვენი ყველა მებრძოლი ბიჭი საჭიროა ფრონტზე - უკრაინის დასაცავად. ყველა. და ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა სიცოცხლე. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამისთვის აუცილებელია, მიღებული იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
დარტყმა 239-ე პოლიგონზე
როგორც UNIAN-ი იტყობინება, 1-ელ ივნისს უკრაინის სახმელეთო ჯარებმა მათი ერთ-ერთი საწვრთნელი დანაყოფის ადგილმდებარეობაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შესახებ განაცხადეს.
იერიშის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დარტყმის დროს ადგილზე არც ფორმირებები და არც პერსონალთა მასობრივი შეკრება არ მიმდინარეობდა.
სახმელეთო ჯარების სარდლობამ შიდა გამოძიების ბრძანება გასცა და მალე დრაპატიმ გამოაცხადა, რომ მან სახმელეთო ჯარების მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ანგარიში წარადგინა.
მისი თქმით, ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობას გრძნობს, რადგან ვერ უზრუნველყო მისი ბრძანებების სრულად შესრულება:
„არმია, რომელშიც მეთაურები პირადად არიან პასუხისმგებელნი ადამიანების სიცოცხლეზე, ცოცხალია. არმია, რომელშიც არავინ არის პასუხისმგებელი დანაკარგებზე, შიგნიდან კვდება“, - დასძინა მან.